15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი იწყება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. 1-ლი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შემდეგ ქალაქებში: თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება. აღნიშნული რეგულაცია უკვე მოქმედებს ქობულეთსა და ბათუმში.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქ ზესტაფონის №1 ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა. მინისტრი სკოლის მასწავლებლებს გაეცნო, განახლებული სკოლის შენობა მიულოცა, პროფესიული წინსვლა და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობა უსურვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სრულ მზადყოფნაშია და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მოსწავლის საგანმანათლებლო რესურსებით მაქსიმალური უზრუნველყოფა.