საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, განათლების გლობალური კამპანიისა (GCE) და ორგანიზაცია "გლობალური პარტნიორობა განათლებისათვის (GPE)" წევრებს, რომლებიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ვითარება, გამოწვევები და მიღწევები გააცნო.
მინისტრის მოადგილე თავის გამოსვლაში მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების საკითხებსაც შეეხო.
„განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მოქალაქეებს რაც შეიძლება ადრეულ ასაკში განვუვითარდეთ პროფესიული და სოციალური უნარები, რაც მათ მომავალში საკუთარი კარიერის მართვასა და ზოგადად წარმატებულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრო საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურების 8000-მდე მოსწავლისთვის საორიენტაციო და სასერტიფიკატო პროფესიულ კურსებს უზრუნველყოფს. ასევე, სამინისტროს ინიციატივით იგეგმება ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების დანერგვა, რომლებიც პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას მისცემს” - განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
განათლების გლობალური კამპანიისა (GCE) და ორგანიზაცია "გლობალური პარტნიორობა განათლებისათვის (GPE)" წევრების ვიზიტი საქართველოში განათლების კოალიციის ორგანიზებით გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან საქართველოში განათლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხზე სამუშაო შეხვედრის გამართვა, სადაც მხარეები განათლების მიმართულებით 2019 წელს განხორცილებულ ინიციატივებს, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და 2020-2021 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.