საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დანიელ ჰაასმა, და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, დუალური პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომებთან ერთად „სტუმარ-მასპინძლობის“ სფეროში „პირველი კურსდამთავრებულის“ სერტიფიკატები გადასცეს.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, დუალური პროგრამები უზრუნველყოფს პროფესიონალების მომზადებას იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც დამსაქმებელს ესაჭიროება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ სწავლის დასრულებისას სტუდენტებს, განათლებასთან ერთად, ორწლიანი სამუშაო გამოცდილებაც აქვთ.
დუალური პროფესიული განათლება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც სწავლება კოლეჯსა და კერძო კომპანიაში ერთდროულად მიმდინარეობს. ასეთი მეთოდი პროფესიული სტუდენტისათვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ქმნის, სასურველი პროფესიის დაუფლებისას, თეორიული ცოდნის მიღებასთან ერთად, რეალურ სამუშო გარემოში შეიძინონ გამოცდილება და საჭირო პრაქტიკული უნარები. სტუმარმასპინძლობის სფეროში დუალური მიდგომით კვალიფიკაციების მინიჭება შესაძლებელია კულინარიის ხელოვნების, კონდიტერიის, სასტუმრო მომსახურებისა და სარესტორნო მომსახურების მიმართულებით.