საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და აჭარის ა/რ-ის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი დაბა შუახევს ესტუმრნენ, სადაც პროფესიული კოლეჯის „ბლექსის“ ფილიალის მშენებლობის პროცესი მოინახულეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კოლეჯის მშენებლობაზე პასუხისმგებლობის აღება საუკეთესო პრაქტიკად შეგვიძლია განვიხილოთ, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ არათუ იზრუნეს კოლეჯისთვის ცალკე შენობის გამოყოფაზე, არამედ მნიშვნელოვანი ძალისხმევა და რესურსები გაწიეს შენობის სრული რეაბილიტაციისთვის. ამჟამად, სამშენებლო სამუშაოები ფინალურ სტადიაზეა, რომლის დასრულების შემდეგაც, შენობა კოლეჯს „ბლექსი“ გადაეცემა.
სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, კოლეჯი „ბლექსი“ უკვე მუშაობს როგორც რეგიონისთვის საჭირო პროფესიების იდენტიფიკაციის, ასევე ადამიანური რესურსის მომზადების მიმართულებითაც. გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ENPARD 3-ის პროექტის ფარგლებში, კოლეჯი უკვე მუშაობს ელექტროობის, შედუღების, სასტუმრო მომსახურების (მათ შორის, საოჯახო), წყალმომარაგება-წყალარინებისა და სამშენებლო კონსტრუქტიების მონტაჟის პროგრამებისთვის პროფესიულ მასწავლებელთა შერჩევასა და მომზადება-გადამზადებაზე. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პროცესებში კოლეჯი ორიენტირებულია ადგილობრივი კადრების მოძიება-გადამზადებაზე.
ფილიალის სამშენებლო სამუშაოების გაცნობის გარდა, მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, რესურსცენტრის და კოლეჯის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ფილიალის განვითარების სამომავლო პერსპექტივები და მუნიციპალიტეტის საჭიროებები. საუბრისას თამარ ქიტიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ადგილობრივ თვითმმართველობას მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის და აღნიშნა, რომ სამინისტრო მუდამ მზად არის მხარი დაუჭიროს მუნიციპალიტეტების მსგავს წამოწყებებს და საკუთარი წვლილი შეიტანოს მათ სრულყოფაში.
სამუშაო შეხვედრისას მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ კოლეჯის ფილიალის გახსნა დადებით გავლენას იქონიებს მუნიციპალიტეტში არსებული მიგრაციის შეჩერებაზე და ზემო აჭარის მოსახლეობას კომპეტენციების გაძლიერებასა და განვითარებაში დაეხმარება.
შეხვედრისას, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზაობა, რომ საწყის ეტაპზე, უზრუნველყოფენ დაბაში სტუდენტთა განთავსებას, ხოლო კოლეჯში მაღალი მომართვიანობის შემთხვევაში, დღის წესრიგში დააყენებენ საერთო საცხოვრებლის მშენებლობასაც.