საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც კოლეჯის სასწავლო ლაბორატორიები მოინახულა, სტუდენტებს შეხვდა და პროგრამების მიმდინარეობასა და არსებულ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ქიტიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა გურიის გუბერნატორთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში პროფესიული განათლების ქსელის გაფართოებასა და ადგილობრივ ბიზნესთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე გურიის გუბერნატორმა ისაუბრა კოლეჯის როლზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების პროცესში და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მზაობა გამოთქვა, ხელი შეუწყოს კოლეჯ „ჰორიზონტისა“ და, ზოგადად, რეგიონში პროფესიული განათლების განვითარებასა და კურსდამთავრებულთა დასაქმებას.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამ ეტაპზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს კოლეჯ „ჰორიზონტის“ ფილიალის ორი სასწავლო კორპუსის მშენებლობა, სადაც პროგრამები სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სასტუმრო მომსახურების, გადამუშავებისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ამოქმედდება. მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება კოლეჯის ოზურგეთის ბაზაზეც. წლის ბოლოსთვის დასრულდება დამხმარე შენობის მშენებლობა, სადაც სახელოსნოები და ლაბორატორიები გაიხსნება. ეს კი კოლეჯს დამატებითი პროფესიული პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს.