განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, პროფესიული განათლების სისტემაში ავტორიზაციის ახალი სტანდარტები დამტკიცდა, რაც პროფესიული განათლების სისტემას ევროპულ სივრცესთან კიდევ უფრო დაახლოებს.
გატარებული ცვლილებებით, პროფესიულ კოლეჯებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მიმართონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საშუალო პროფესიული პროგრამების ავტორიზაციისთვის და საბაზო განათლების (მე-9 კლასი) მქონე სტუდენტებს, პროფესიის შესწავლასთან ერთად, სრული ზოგადი განათლებაც მიაწოდონ.
პროფესიული განათლების ნაწილში მთლიანად გადამუშავდა ავტორიზაციის დებულება და დაინერგა ახალი სტანდარტები - დაწესებულების ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან ერთად, ახალი რეგულაციით შეფასდება კოლეჯის სტრატეგიული ხედვა, სტუდენტური სერვისები, საინფორმაციო და ფინანსური რესურსები და მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამის ხარისხზე.
ამასთანავე, შეიცვლება ექსპერტთა მიდგომა კოლეჯებთან მიმართებაში გახდება კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული. ნაცვლად ხისტი, ორდონიანი შეფასებისა, დაინერგება მოქნილი და კოლეჯის განვითარებაზე ორიენტირებული ოთხდონიანი შეფასების სისტემა, რაც სტანდარტებთან ნაწილობრივ ან მეტწილ შესაბამისობასაც ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ ცვლილებები წელიწადნახევრის განმავლობაში მზადდებოდა და მასში ყველა დაინტერესებული მხარე მათ შორის კოლეჯები, ავტორიზაციის საბჭოები, ექსპერტთა კორპუსი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დონორი ორგანიზეციები და საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობდნენ.