საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის შედეგების განხილვაში, რომელიც ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხება. განხილვას განათლების ექსპერტები, სფეროს საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებულ პირები ესწრებოდნენ.
ევროკავშირის კვლევის შედეგების განხილვის დროს მხარეებმა ისაუბრეს საკვანძო კომპეტენციების ევროპულ ჩარჩოსთან მიმართებაში საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შესახებ.
თამარ ქიტიაშვილის თქმით, კვლევამ ცხადად აჩვენა, რომ სტანდარტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დონეზე, საკვანძო კომპეტენციები სათანადოდ არის წარმოდგენილი, თუმცა არსებობს გარკვეული გამოწვევები განხორციელების პროცესში. ევროპის განათლების ფონდის მხრიდან გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც სამინისტროს მიერ გათვალისწინებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურებზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა იქნება ევროკავშირსა და სამინისტროს შორის მომავალი თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.