საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ვარჯიშზე ესტუმრა. მინისტრის მოადგილე თბილისის სპორტის სასახლეში, 18 თებერვლის საღამოს ვარჯიშზე მივიდა და კალათბურთელებს მოახლოებული მატჩების წინ წარმატება უსურვა.
ვარჯიშის დაწყებამდე შალვა გოგოლაძე სპორტის სასახლეში შეხვდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს და მათთან ნაკრებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა, კალათბურთელებს კი ვარჯიშის დაწყებამდე გაესაუბრა და შვეიცარიასთან და სერბეთთან მატჩებში წარმატება უსურვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ მატჩს 20 თებერვალს, თბილისში, შვეიცარიასთან გამართავს, 23 თებერვალს კი ბელგრადში სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. როგორც მასპინძელს, საქართველოს ევროპის ჩემპიონატის საგზური მოპოვებული აქვს, თუმცა საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები უაღრესად მნიშვნელოვანია ნაკრების ფორმირებისა და ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად. შვეიცარიასთან შეხვედრა 20 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე დაიწყება.