შსს-ს აკადემიაში მანდატურობის კანდიდატთა პირველი ნაკადის მოსამზადებელი კურსი დაიწყო. სასწავლო კურსს, განახლებული მოდულის მიხედვით, კონკურსის წესით შერჩეული 40 კანდიდატი გაივლის. აკადემიაში კანდიდატები შეისწავლიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს, ეფექტურ კომუნიკაციას, ბავშვისა და მოზარდის განვითარების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, კონფლიქტების მართვას და დაეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის უნარებს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ისინი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
მანდატურობის კანდიდატებს შსს-ს აკადემიაში მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე შეხვდა. მომავალ მანდატურებს მან სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
გაფართოების გეგმის თანახმად, მიმდინარე წელს, გასული წლის მსგავსად, მანდატურის სამსახური, დამატებით, 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა. ამჟამად, მანდატურის სამსახური უკვე წარმოდგენილია, საქართველოს მასშტაბით, 596 საჯარო სკოლაში და მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 80 პროცენტზე მეტს ფარავს.