ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები 2021-2022 წლიდან თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს შეხვდა.
თანამედროვე სტანდარტების სკოლის ოთხსართულიანი შენობა 430 მოსწავლეზეა გათვლილი. მშენებლობის პროცესში გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები. სკოლის პროექტირებისას სრულადაა გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები და სსსმ მოსწავლეების საჭიროებები. მომავალი სასწავლო წლისთვის შენობა უახლესი, თანამედროვე სასკოლი ინვენტარით აღიჭურვება, სკოლას ექნება სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და სპორტული მოედანი.
მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 3 444 444 ლარს შეადგენს.
მშენებლობის დათვალიერების შემდეგ მინისტრის მოადგილე ფერიის საჯარო სკოლის ძველ შენობაში აფხაზური ენის გაკვეთილსაც დაესწრო. მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე ლიტერატურული პერფორმანსი წარმოადგინეს და აფხაზური ხალხური სიმღერები შეასრულეს.
სოფელ ფერიაში, სადაც 300-მდე აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, აფხაზური ენის სწავლება 2017 წლის იანვრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, მსმენელების ორი ჯგუფი ფუნქციონირებს, მათ აფხაზურ ენას განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის.