საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდის უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში სამომავლო პროექტების განხორციელების გზები დასახა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საელჩოს წარმომადგენლები: ატაშე მოჰამად რეზა შალბაფი და მრჩეველი კულტურის საკითხებში ჰამიდ მოსტაფავი.
შეხვედრის დროს მიხეილ ჩხენკელმა ისაუბრა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის შესახებ უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, რომელიც სხვადასხვა უნივერსიტეტთან და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან წლების განმავლობაში წარმატებით ხორციელდება. ელჩმა, თავის მხრივ, ამ თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა კულტურული მიმართულებითაც და სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების მზაობა გამოიხატა. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით მხარეებმა სპორტის მიმართულებით სხვადასხვა საინტერესო აქტივობები დაგეგმეს.
შეხვედრის ბოლოს ელჩმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიიწვია, სადაც თანამშრომლობის შესაბამის მემორანდუმებს გააფორმებენ.