განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განაგრძობს საქართველოს რეგიონების სპორტსკოლების სპორტული ინვენტარით აღჭურვას. ამჯერად, მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე იმერეთის რეგიონს ესტუმრა და ჭიდაობისა და ძიუდოს ტატამები გადასცა. გარდა ამისა, გოგოლაძემ ახალგაზრდა სპორტსმენები სამინისტროს მიერ გამოცემული სპორტული თემატიკის წიგნებით დაასაჩუქრა.
სამინისტროს ინიციატივით, ჭიდაობის ტატამი ხონის სპორტსკოლას გადაეცა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ახალგაზრდა მოჭიდავეებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად დაესწრო. სპორტსკოლაში წარმატებულად ფუნქციონირებს ჭიდაობის სექცია. ასევე დაგეგმილია ძალოსნობის დარბაზის რეაბილიტაცია.
ძიუდოს ტატამი დაიგო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს ახლადგარემონტებულ სპორტულ დარბაზში. ახალგაზრდა ძიუდოისტები შალვა გოგოლაძემ, პარლამენტში ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატთან, შალვა კიკნაველიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან ერთად მოინახულა. სპორტსკოლაში ასევე იმყოფებოდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელმაც სპორტსკოლის აღსაზრდელებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. სპორტსკოლაში სტუმრობისას, კახიაშვილმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მოსახლეობასთან, სოფელში ძალოსნობის ახალი დარბაზის აშენების საკითხი განიხილა.
სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რეგიონების სპორტსკოლების აღჭურვას. რამდენიმე დღის წინ, ძიუდოს ტატამი და სპორტული ინვენტარი წალკის სპორტულ კომპლექსს გადაეცა.