საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლას ეწვია, რომელსაც 2018-2019 სასწავლო წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მინისტრის მოადგილე სკოლაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად იმყოფებოდა.
200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აღჭურვილია უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით. საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს სსსმ მოსწავლეებისთვის სრულად ადაპტირებული გარემო და შიდა სპორტული დარბაზი.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები და ლაბორატორიები დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მათ პედაგოგებს გაესაუბრა.
2019 წლის ოქტომბერში სკოლა ,,ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში ჩაერთო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შევიდა მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ეხმარება სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სასწავლო პროცესში მეთოდური სიახლების დანერგვასა და სასკოლო კულტურის განვითარებაში.