სსიპ შემოქმედებითი საქართველო იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის ბენეფიციარი გახდა პროექტისთვის „შემოქმედებითი გარდასახვა“. გადაწყვეტილება იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების კონვენციის კომიტეტმა 2020 წლის 12 თებერვალს იუნესკოს სათაო ოფისში გამართულ კომიტეტის სხდომაზე მიიღო. პროექტი კონკურსში მონაწილე 480 განაცხადიდან 9 საუკეთესოში მოხვდა და 88 269 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. ამ მნიშვნელოვანი წარმატებისა და პროექტის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„შემოქმედებითი გარდასახვა“ პირველი დაფინანსებული პროექტია საქართველოდან, რომელიც ქეყანაში შემოქმედებითი ინდუსტრიების სექტორის კვლევასა და სტრატეგიის განვითარებას ისახავს მიზნად. პროექტი 18 თვეს გასტანს და მის ფარგლებში შემუშავდება შემოქმედებითი ინდუსტრიების ხუთწლიანი განვითარების სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. სტრატეგია, ზოგადად სექტორის განვითარებასთან ერთად, მიზნად ისახავს შემოქმედებითი მეწარმეობის პოტენციალის გამოყენებას ახალგაზრდების, ქალთა და დაუცველი ჯგუფების გასაძლიერებლად და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ჩასაბმელად.
საქართველოში პირველად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება შემოქმედებითი ინდუსტრიების საჭიროებათა და რესურსების მოკვლევა, რომელიც სექტორში არსებული კომპანიების შესახებ ინფორმაციასთან ერთად აისახება ერთიან მონაცემთა ბაზასა და ბეჭდვით პუბლიკაციაში.
პროექტი, სხვა კომპონენტებთან ერთად, მოიცავს სექტორის ეკონომიკური და სოციალური პოტენციალის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის - შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების გამართვას.
პრესკოფერენციას ასევე ესწრებოდნენ სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ დირექტორი - ირმა რატიანი, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ შემოქმედებითი ინდუსტრიების მიმართულების ხელმძღვანელი (პროექტის ავტორი) ელენე თოიძე და საქართველოს UNESCO-ს საქმეთა ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ქეთევან კანდელაკი.