იაპონიის საელჩომ საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს საჩუქრად საკურას ნერგები გადასცა. მათი ნაწილი, დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზოში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან და თსუ-ს რექტორთან, გიორგი შარვაშიძესთან ერთად დარგო.
მიხეილ ჩხენკელმა საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა იაპონიის საელჩოს და იმედი გამოთქვა, რომ აყვავებული საკურა საქართველო-იაპონიის მეგობრობის სიმბოლოდ იქცევა.
იაპონიის საელჩომ თბილისს საჩუქრად 100-ზე მეტი ძირი საკურა უკვე გადასცა, რომელთა დიდი ნაწილი თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ნაწილი კი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ეზოში დაირგო. აღსანიშნავია, რომ იაპონელმა მებაღეებმა თბილისისთვის საკურას გამორჩეულად მოყვავილე ფორმა შეარჩიეს.