საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინასებული "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების" ქვეპროგრამის ფარგლებში, რუმინეთში გამართულ მათემატიკის მასტერსის (Romanian Masters) მე-12 ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გაემგზავრა. ნაკრების ოთხივე წევრი კომაროვის სკოლის მოსწავლეა.
ოლიმპიადაზე მხოლოდ ის 25-მდე ქვეყანა არის მიწვეული, რომელთა წარმომადგენლებმაც მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ბოლო სამი წლის წარმატებების გათვალისწინებით, საქართველოს მეორედ მიეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოს ასეთი დონის შეჯიბრებაში. გასულ წელს ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც პირველად იღებდა მონაწილეობას აღნიშნულ შეჯიბრში საკმაოდ დამაჯერებელ წარმატებასაც მიაღწია- ქვეყნების რეიტინგში მე-8 ადგილი დაიკავა, ჩამოიტოვა ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, პოლონეთი და ა.შ. შარშანდელი შედეგით გუნდმა ორი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი და საპატიო სიგელი მოიპოვა.