განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის თემა 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა იყო. შალვა გოგოლაძის თქმით, 10 000 მაყურებელზე გათვლილი სპორტული დარბაზის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება და კომპლექსი სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდნენ სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა.
შალვა გოგოლაძე: „საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით 2021 წლის ევრობასკეტისთვის ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. კომპლექსის მთავარი ნაწილი - სპორტული დარბაზი 10 000 მაყურებელს დაიტევს და სრულად დააკმაყოფილებს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნებს. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მივიღებთ ერთმანეთთან ინფრასტრუქტურულად დაკავშირებულ, თანამედროვე სტანდარტების მრავალსივრციან და მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსს, სადაც ტურნირის საშეჯიბრო ნაწილი გაიმართება ახალ აშენებულ დარბაზში, ხოლო უკვე არსებული ოლიმპიური სასახლის სივრცეები უშუალოდ შეჯიბრების გამართვის დროს გამოყენებული იქნება საწვრთვნელ-სავარჯიშო პროცესისთვის. ევრობასკეტის დასრულების შემდეგ, კომპლექსის ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი სპორტული კერა, რომელიც საშუალებას მოგვცემს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვუმასპინძლოთ მასშტაბურ საერთაშორისო ტურნირებს.“
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე თბილისის ოლიმპიური სასახლის ახალი დარბაზის სამშენებლო სამუშაოების წინა მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებულია. პროექტის ჯამური ღირებულება 71 მილიონი ლარია, საიდანაც 50 მილიონი ლარი მიმდინარე წლის, ხოლო 21 მილიონი - მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
სპორტულ კომპლექსში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 3 დარბაზი აშენდება, რაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობის შესაძლებლობას იძლევა. მშენებლობა 2021 წლის ივნისში დასრულდება.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2021 წელს კალათბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფის მატჩების მასპინძლობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სპორტული, ასევე ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით. მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი, თბილისს ახალი მულტიფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა დარჩება.
კალათბურთში 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისში 2-19 სექტემბერს გაიმართება.