საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ნუნუ მიცკევიჩი: „დღეს სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რომელიც წელს მეათედ იმართება. განათლების საერთაშორისო გამოფენა აძლევს შესაძლებლობას მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და, ზოგადად, სწავლით დაინტერესებულ პირებს, ერთ სივრცეში გაეცნონ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების პროგრამებს. მინდა აღვნიშნო, რომ წელს გამოფენას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეუერთდა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს.
მინდა განსაკუთრებულად გამოვყო ის საერთაშორისო პროგრამები, რომელთა რიცხვი დღითიდღე იზრდება ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში. სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს გაზარდოს განათლების ხარისხი და იგი საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვოს.“
უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც 70-მდე საერთაშორისო თუ ადგილობრივი უნივერსიტეტი და პროფესიული სასწავლებელი მონაწილეობს, ექსპო-ჯორჯიაში 28-29 თებერვალს იმართება. გამოფენის სტუმრებს საშუალება აქვთ, ინფორმაცია მიიღონ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ასევე, სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამების, ენის შემსწავლელი კურსების, ადგილობრივი და საერთაშორისო ცენტრების შესახებ. საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად გამოფენაში გერმანიის, საფრანგეთის, უნგრეთის და სხვა ევროპული ქვეყნების სასწავლებლები მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში პირველად მონაწილეობს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ორი დღის განმავლობაში გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამების შესახებ, ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებაში, ასევე, გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია უნივერსიტეტში მათთვის სასურველ პროგრამებზე.
უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება: ჩატარდება დასაქმების ფორუმი “EXPO JOB”, რომელზეც 70-ზე მეტი კომპანია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის 700-ზე მეტ ვაკანსიას წარმოადგენს; შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები გამოცდების შესახებ პრეზენტაციას გამართავენ და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხებენ; ასევე, მოეწყობა ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს აბიტურიენტებისა და სტუდენტების დახმარებას სამომავლო პროფესიის არჩევაში და სხვა.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/events/2372275506419338/