უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა სამუშაო შეხვედრა გამართა სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანს უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფა წარმოადგენდა უნივერსიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით.
შეხვედრას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ნუნუ მიცკევიჩმა მათ განუმარტა, რომ უმაღლესი განათლების შედეგებზე ორიენტირებული დაფინანსების ახალი მოდელის დახვეწის პროცესში მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, რათა მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული თითოეული უნივერსიტეტის თავისებურება.
შეხვედრაზე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ბოლო წლების ძირითადი შედეგები და 2019 წლის აკადემიური მიღწევები წარმოადგინეს, ასევე გამოკვეთეს ის საჭიროებები, რაც მათ სრულფასოვანი სასწავლო პროცესის წარმართვისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის საშუალებას მისცემს. ისიც აღინიშნა, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ მოღვაწე წარმატებული კურსდამთავრებულების აკადემიურ სივრცეში დაბრუნება, მათთვის შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა და, ზოგადად, სისტემაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.
გარდა ამისა, ნუნუ მიცკევიჩმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სამინისტრო გეგმავს ევროკავშირის მომდევნო ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ამოქმედებას მომზადებული შეხვდეს. მისი თქმით, უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მონაწილეობის წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანად შეუწყობს ხელს. ამ პროცესში სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გააქტიურება კი უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს.
უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემუშავებისა და დაფინანსების ახალი მოდელის სრულყოფის მიზნით სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა ოთხი სახელმწიფო უნივერსიტეტისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან, ასევე, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამეცნიერო სტრუქტურულ ერთეულებთან.