განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ ამ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის სფეროში მოღვაწე ქალებს.
საქართველოს წინსვლაში, ჩვენი კულტურის ფორმირებაში ქალები ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდნენ. ეს როლი გულისხმობდა არა მხოლოდ ფასდაუდებელ გარჯას ღირსეულ მომავალ თაობათა აღზრდისათვის, არამედ სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ საქმიანობაში აქტიურ მონაწილეობას.
საქართველოს ქალებს დღესაც უდიდესი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. თუმცა ჩვენ კვლავაც გვმართებს ძალისხმევა, რათა მათ სრულფასოვანი, ნიჭისა და შესაძლებლობების შესაბამისი ადგილი დაიმკვიდრონ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
სამწუხაროდ, მიუხედავად საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებებით გადადგმული არაერთი ნაბიჯისა, კვლავაც გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა. ჩვენი კულტურისა და ტრადიციებისათვის სრულიად უცხო და მიუღებელი ძალადობის წინააღმდეგ, ყველა ჩვენგანი, სახელწიფო და საზოგადოება უნდა გავერთიანდეთ. აგრესიისა და ჩაგვრისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობა შეუძლებელია გენდერული თანასწორობის გარეშე და ამდენად, ქალთა პოლიტიკური და საზოგადოებრივი როლის გაძლიერებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
ამ პროცესებში ყოველი მამაკაცი სოლიდარული უნდა იყოს, რადგან ქალთა თანასწორობა ნიშნავს პროგრესს და კეთილდღეობას ყველასათვის.
ვუსურვებ ჩვენი ქვეყნის ქალებს ბედნიერებას, მშვიდობას და ფართო ასპარეზს შესაძლებლობათა გამოვლენისთვის.