საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი თბილისის 187-ე საჯარო სკოლაში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში პედაგოგთა ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნენ. გადამზადებაში დედაქალაქის რამდენიმე საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა.
უკვე მეორე წელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამას ახორციელებენ, რომლის მიზანია მასწავლებლების აღჭურვა ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
ამჟამად ხორციელდება 2 დონის ტრენინგი: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისთვის და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში (მეორე დონე).
2009 წელს საბაზო ტრენინგები 2119-მა მასწავლებელმა გაიარა. 2010 წელს გადამზადდება ჯამში 1900 მასწავლებელი.
2009 წელს მეორე დონის ტრენინგ-კურსში 1714 მასწავლებელი მომზადდა. 1500-მდე მასწავლებელმა მოამზადა ისტ-ით გამდიდრებული საგაკვეთილო გეგმა და სასწავლო პროექტი და ინტერნეტში შესაბამისი ციფრული რესურსებით განათავსა (ბლოგები, პრეზენტაციები, შეფასების რუბრიკები, აუდიო-ვიდეოფაილები და ა.შ), რითაც ხელი შეუწყო ქართულენოვანი ციფრული სასწავლო მასალის გამდიდრებას, სასწავლო გარემოს გამრავალფეროვნებას, სკოლაში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის მიზანმიმართულად და გეგმიურად გამოყენებას სასწავლო პროცესში.
2010 წელს ისტ-ის მეორე დონის ტრენინგ-კურსში კიდევ 3500 მასწავლებელი მომზადდება. დღეისათვის გადამზადებულია 3196 პედაგოგი.
ასევე, სკოლის ინფორმაციულ მენეჯერებს ჩაუტარდათ ტრენინგები ოპერაციული სისტემისა და ადგილობრივი ქსელის ადმინისტრირებაში. 2009 წელს 335 ინფორმაციულმა მენეჯერმა გაიარა ტრენინგი. 2010 წელს კიდევ 400 სკოლის ისტ მენეჯერი მომზადდება.
დამუშავდა და გამოიცა სახელმძღვანელოები როგორც საბაზო, ასევე მეორე დონის კურსებისთვის. სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ ტრენინგის მონაწილე პედაგოგებს.