საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს დოქტორ ღასან ხალილს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში მიმდინარე პროექტები გააცნეს.
შეხვედრაზე ვრცლად ისაუბრეს მანდატურის სამსახურსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ნინო შატბერაშვილმა დოქტორ ღასან ხალილს იმ პროექტების მიმდინარეობაზე და წინასწარ შედეგებზე მოაწოდა ინფორმაცია, რომლებსაც მანდატურის სამსახური „იუნისეფის“ მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნულ პროექტებს შორისაა: ფსიქო-სოციალური ცენტრის თანამშრომლების გაძლიერება; ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერება და „ძალადობისგან თავისუფალი სასკოლო გარემო“ - ბულინგის პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა, რომლის დანერგვაც მანდატურის სამსახურმა საპილოტე სკოლებში გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები და მოსწავლეები.