ძვირფასო თანამემამულენო, გულითადად გილოცავთ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის უდიდესს! ეს ბრწყინვალე დღე განასახიერებს ყველაზე არსებითს ჩვენს რწმენაში - რომ სიცოცხლე ყოველთვის იმარჯვებს სიკვდილზე, სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.
და დღეს ამ ბრძოლაში ყველა ჩვენთაგანის ვალია დავრჩეთ სახლში, რადგან უპრეცედენტო გამოწვევათა პირისპირ ამას გვავალებს ჩვენი სინდისი, ჩვენი წინაპარების ხსოვნის პატივისცემა! უმთავრესი საზომი ჩვენი რწმენისა ხომ სწორედ ესაა - რამდენად ვზრუნავთ სხვებზე, ვუფრთხილდებით მოყვასს, ერთმანეთს, ჩვენს მოხუცებსა და ჩვენს შვილებს.
აღდგომის დღესასწაულის მოახლოებას ვულოცავ სრულიად საქართველოს, მათი თავდადებისთვის უდიდესი მადლიერების გრძნობით ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, პოლიციელებს, სამხედროებს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ვინც ამ ურთულეს ვითარებაში არ წყვეტს შრომას და ცდილობს საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო ძალისხმევაში უკეთესი ხვალინდელი დღისთვის!
კიდევ ერთხელ გილოცავთ უდიდესი დღესასწაულის მოახლოებას და გთხოვთ, პატივი ვცეთ იმ ადამიანების შრომას, რომლებიც დღე და ღამ იღწვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის და დავრჩეთ სახლში!