17.06.2010
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პედაგოგთა შესაძლო განთავისუფლების თაობაზე გავრცელებულ არასწორ ინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ორგანიზაციის მიერ ვრცელდება ცრუ ინფორმაცია თითქოს სამინისტრო პედაგოგთა მასობრივ შემცირებას გეგმავს - ”მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არავითარი მასწავლებელთა შემცირება არ იგეგმებოდა, არ იგეგმება და არ შეიძლება დაიგეგმოს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ გვაქვს მასწავლებელთა დეფიციტი და ამის გამო ავამოქმედეთ პროგრამა - ასწავლე საქართველოსთან ერთად” - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
მინისტრი ასევე გამოეხმაურა ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სამინისტროს მხრიდან იყო მითითება სკოლაში დარჩეს მხოლოდ 18 საათის მქონე პედაგოგი, ამ ინფორმაციასაც დიმიტრი შაშკინმა სიცრუე უწოდა და განმარტა, რომ სამინისტროს ერთადერთი თხოვნა სკოლის დირექტორების მიმართ იყო - სამართლიანად გადაენაწილებიათ მასწავლებელთათვის საათები, რომლის რაოდენობაზეცაა პედაგოგთა ხელფასები დამოკიდებული. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობს საშტატო განრიგის დამტკიცება და სამინისტროს თხოვნაა შეძლებისდაგვარად მოხდეს პედაგოგთათვის სრული განაკვეთის შევსება, რათა მათ მაღალი ხელფასები მიიღონ. მინისტრმა კიდევ ერთხელ ორივე ზემოხსენებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და მათ გამავრცელებლებს მოუწოდა იფიქრონ მასწავლებლებზე, რომლებიც ასაკოვანნი არიან და მათთვის განსაკუთრებით მძიმეა ასეთი დეზინფორმაციის მოსმენა და ასევე, არ შეიძლება ადამიანების ემოციებზე თამაში.
მესამე რაზეც დიმიტრი შაშკინმა ყურადღება გაამახვილა არის პროფკავშირულ ორგანიზაციებთან სამინისტროს დამოკიდებულება - ”განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არასოდეს არ ჩარეულა და მომავალშიც არ ჩაერევა პროფკავშირების მუშაობაში, ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ერთადერთი ვითხოვთ, კანონის შესაბამისად, იყოს დარეგულირებული ურთიერთობა მასწავლებლებსა და პროფკავშირებს შორის, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, მასწავლებელს ნებართვის გარეშე წაართვან ფული და სხვა რომელიმე ორგანიზაციაში გადარიცხონ, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ მასწავლებელთა უფლებებს” - განაცხადა მინისტრმა.