საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობითა და გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი ,,პოსტ Covid 19-ის ეპოქაში ტურიზმის სექტორის აღდგენის სტრატეგიები".
ვებინარში მონაწილეობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა მიიღო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილის განცხადებით მსგავსი ფორმატის სემინარები სამომავლოდაც დაიგეგმება.
ვებინარს გასტრონომიის, კულტურის, ხელოვნებისა და ტურიზმის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი დოქტორი დაიანა დოდი უძღვებოდა. დოქტორმა დოდმა ვრცლად ისაუბრა პანდემიის შემდგომ პერიოდში გასტრონომიული ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე, რესტორნული და გასტრონომიული ბიზნესის განვითარების ახალ შესაძლებლობებზე.
ვებინარზე საუბარი ასევე შეეხო ადგილობრივი ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და ტურისტებისათვის უსაფრთხო სერვისების შეთავაზების შესაძლებლობებს.
ვებინარს 40-მდე მონაწილე ესწრებოდა; მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში მოქმედ იმ ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს, რომლებიც ტურიზმის და მასთან დაკავშირებულ სექტორებში, ასევე გასტრონომიისა და სერვისების მიწოდების სხვა სფეროებში ეწევიან საქმიანობას, ან განსაზღვრავენ პოლიტიკას.
დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.