საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრეზენტაციის ფარგლებში, მინისტრმა საზოგადოებას დისტანციური სწავლების მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიმდინარე პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის კონკრეტული გეგმები გააცნო.
მიხეილ ჩხენკელი: „რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროფესორებსა და უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს. მათ სწრაფად შეძლეს რესურსების მობილიზება და დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლა. ჩვენ ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სწავლების ხარისხს არა მხოლოდ ჩვენ მიერ დადგენილი, არამედ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) სტანდარტებით.
ფინალური გამოცდები უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების მეექვსე ეტაპზე. რაც შეეხება შუალედურებს, ამას უნივერსიტეტებმა უკვე წარმატებით გაართვეს თავი სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ასევე, მნიშვნელოვანია სადიპლომო ნაშრომების საკითხი, რომელთა შესრულება და დაცვა მოხდება ინდივიდუალური გრაფიკის მეშვეობით, სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე.
უახლოეს მომავალში ონლაინ რეჟიმში გაიმართება რექტორთა საბჭო, სადაც ვიმსჯელებთ ეტაპობრივად როგორ განვაახლოთ პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობები. ეს პროცესიც ჯანდაცვის რეკომენდაციებისა და პროტოკოლის დაცვით წარიმართება.“
მინისტრმა უმაღლესი განათლების შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ აუდიტორიის მიღმა დარჩენილი სტუდენტებისთვის განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფის მიზნით სისტემა ელექტრონული სწავლების რეჟიმზე გადავიდა. პანდემიის დაწყებისთანავე, მინისტრის ინიციატივით საგანგებოდ შეკრებილ რექტორთა საბჭოს პირველ ეტაპზე მიეცა რეკომენდაცია, 16 მარტიდან ელექტრონული სწავლების რეჟიმში განეახლებინათ გაზაფხულის სემესტრი. ეს მათ საშუალებას მისცემდა, სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნების შემდეგ ონლაინ სწავლების მეთოდი ჰიბრიდული ფორმით ჩაენაცვლებინათ. მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან ყველა უნივერსიტეტის წინაშე ერთი საერთო გამოწვევა დადგა, პროცესი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით წარიმართა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით ეხელმძღვანელათ. გარდა ამისა, საგანგებოდ შეიქმნა ელექტრონული სწავლების უზრუნველყოფის დამხმარე დოკუმენტი.
ამ ეტაპისთვის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები იყენებენ დისტანციური სწავლების ხელშემწყობ სხვადასხვა აპლიკაციებსა და ონლაინ პლატფორმებს: Zoom, Microsoft Teams, Moodle, Google Classroom. მათ აკადემიური პერსონალისათვის და სტუდენტებისთვის შესაბამისი გზამკვლევები და ვიდეოინსტრუქციებიც შეიმუშავეს. სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, ონლაინ ლექცია/სემინარების ჩანაწერები იტვირთება შესაბამის პლატფორმაზე და ხელმისაწვდომია სტუდენტებისთვის. ასევე, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები. უნივერსიტეტებმა სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე განსაზღვრეს შეფასების მექანიზმი. ფინალური გამოცდები ძირითადად ჩატარდება შეზღუდვების შემსუბუქების VI ეტაპზე უნივერსიტეტების მიერ შემუშავებული ფორმატისა და განრიგის მიხედვით. საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა კი სტუდენტისა და ხელმძღვანელის შეთანხმების საფუძველზე, ინდივიდუალური გრაფიკით მოხდება.
აღსანიშნავია, რომ ის სასწავლო კურსები, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნებისას ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება.
მიხეილ ჩხენკელმა საგანგებოდ განმარტა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცა რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტებში სემესტრის ფარგლებში სტუდენტებისთვის შეთავაზებულია გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი ან გადავადებულია სწავლის გადასახადი.
რაც შეეხება, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს.