საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, საზოგადოებას განათლების სისტემის ყველა მიმართულებით დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელსაც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის ქვეყანაში დისტანციურ სწავლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა დაევალა, საქართველოს მასშტაბით წარმატებით ახორციელებს შესაბამის პროექტებს. შედეგად, 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება, მოსწავლეები სწავლას იმავე ვადებში დაასრულებენ, როგორც გასულ წლებში.
მნიშვნელოვანია, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოში დისტანციურ სწავლებას მაღალი შეფასება მისცეს. ეკონომიკის განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) ჩარჩო დოკუმენტში Covid-19-ით შექმნილი გამოწვევების დაძლევის კუთხით, საქართველოში განათლების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად დაასახელა. განათლების სფეროში გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობამაც (UNICEF). OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა COVID-19-ის კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით, საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. ხოლო Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტზე, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო მონაწილეობა, სამინისტროს ძალისხმევა COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის მხრივ სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოდ დასახელდა.
ზოგადი განათლების მიმართულებით, სამინისტრომ სკოლებს დისტანციური სწავლების არაერთი, მათ შორის Microsoft Teams-ის, Feedc Edu-ის და „ტელესკოლის“ წარმატებული პროექტები შესთავაზა. მაგალითად, ქართული პლატფორმა Feedc Edu, გამართულად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზეც, მათ შორის დაბალი სიჩქარის ინტერნეტით და მისი გამოყენება მარტივია როგორც პედაგოგისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის.
ასევე წარმატებულ პროექტადაა აღიარებული „ტელესკოლა“, სადაც საგნის გამოცდილი პედაგოგები ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ გაკვეთილებს ატარებენ. მთელი საქართველოს მასშტაბით ის შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც ინტერნეტსა და ონლაინ სწავლებაზე ხელი არ მიუწვდება, ამასთან, მაქსიმალურადაა გათვალისწინებული სსსმ მოსწავლეთა, ეთნიკური უმცირესობებისა და აბიტურიენტთა ინტერესები.
აღსანიშნავია, რომ პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლამ აუცილებელი გახადა რიგი ცვლილებები, რაც სამინისტრომ წარმატებით განახორციელა.
დაინერგა მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელი, რომლის თანახმად 2019-2020 სასწავლო წელს განისაზღვრა შეფასების ორი სავალდებულო ფორმა - განმავითარებელი და განმსაზღვრელი. პირველ შემთხვევაში, მასწავლებლის მიერ აღწერილი მოსწავლის განვითარების დინამიკა ხელს უწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. განმსაზღვრელი შეფასება კი მოსწავლის ცოდნის დონეს აფასებს შესაბამისი ქულებით. გარდა ამისა, შემუშავებულია შეფასების ალტერნატიული გზებიც, რაც მიმდინარე სასწავლო წელს მიღებული ქულების წლიურ ქულად განსაზღვრას ითვალისწინებს. ასევე მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, შესაბამის ვადაში მიმართონ სკოლის ადმინისტრაციას და კონკრეტულ საგანში ნიშანი აიმაღლონ.
ვადები გახანგრძლივდა ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო გამოცდებზე რეგისტრაციის მსურველთათვის. ეროვნული გამოცდების ჩატარების ზუსტი თარიღი კი, ჩვეულებრივ ივნისში განისაზღვრება და გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ყველა ზომა.
უმაღლესი განათლების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2020-21 სასწავლო წელს ფუნქციონირებას იწყებს და აქტიურ აკადემიურ ცხოვრებაში ჩაერთვება საგანმანათლებლო სივრცის მთავარი მეგა-პროექტი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. იგი პირველ ნაკადს მიიღებს 3 სპეციალობაზე, სამომავლოდ კი სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა 1 მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.
ზოგადი განათლების პარალელურად, დისტანციური სწავლების პირობებში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებებით.
უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, პანდემიის გამოცხადებისთანავე მიხეილ ჩხენკელისგან მიიღეს რეკომენდაცია დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლასთან და სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
სამინისტროს მხრიდან, უნივერსიტეტებს ასევე მიეცათ რეკომენდაცია, იხელმძღვანელონ ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მიერ შემუშავებული ელექტრონული სწავლების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო პრინციპებით.
შედეგად, მოხდა სასწავლო გეგმების მოდიფიცირება, გადაიხედა სწავლების მეთოდები და შეფასების სისტემები, უმაღლესები დისტანციური სწავლების ხელშემწყობ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებს იყენებენ. ის სასწავლო კურსები კი, რომლებიც პრაქტიკულ კომპონენტსა და ლაბორატორიულ სამუშაოებს მოიცავს, ეპიდემიური მდგომარეობის დასრულების შემდგომ ინტენსიურ რეჟიმში ან მომდევნო სემესტრში ჩატარდება.
უნივერსიტეტებში სემესტრის ფარგლებში სტუდენტებისთვის შეთავაზებულია გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკი ან გადავადებულია სწავლის გადასახადი.
რაც შეეხება 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განსაზღვრულ გრანტებს, სტიპენდიებსა და პროგრამულ დაფინანსებას, სამინისტრო გადარიცხვის პროცედურებს შეუფერხებლად უზრუნველყოფს.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე, პროფესიული კოლეჯებიც მყისიერად გადავიდნენ ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე. კოლეჯების ადმინისტრაციები დისტანციურად ემზადებიან საშემოდგომო მიღებისთვის, ამუშავებენ პროგრამებს და გადიან ონლაინ ავტორიზაციას ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საგანგებოდ შექმნილი მექანიზმებით.
გრძელვადიან პროგრამებზე წელს 8 700-მდე შეთავაზება იგეგმება, მომზადება-გადამზადების მოკლევადიან პროგრამაზე კი 137 პროგრამა და 2 500 ადგილი უკვე ავტორიზებულია.
დისტანციური სწავლების ხარისხის ასამაღლებლად, ზემოჩამოთვლილი პროექტების გარდა, სამინისტროში უკვე მიმდინარეობს და დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი.
ქართულ ენაზე ითარგმნება Microsoft Teams; ხორციელდება ელექტრონული ჟურნალის პროგრამა Teams-ში ინტეგრირება; სკოლებში მიმდინარეობს Minecraft Education Edition-ის საპილოტე პროგრამის დანერგვა; გრძელდება აქტიური მუშაობა გამომცემლობებთან, რათა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს გრიფირებული ელექტრონული სახელმძღვანელოები როგორც ქართული, ასევე არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის.
აქტიურად მიმდინარეობს ელექტრონული მეთოდოლოგიის განვითარება და სასწავლო პროცესში ინტეგრირება; სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარებს კომპლექსური ციფრული დავალებების ბანკის შექმნა, რაც საჯაროდ პორტალზე EL.GE-ზე გამოქვეყნდება. პანდემიის პირობებში ასევე არაერთი ხელშემწყობი პროექტი დაინერგა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. კერძოდ, გათვალისწინებულია სსსმ მოსწავლეების მშობელთა ინტერესები, რაც სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის (48 ფსიქოლოგი და 1 500-მდე სპეციალური მასწავლებელი) მხრიდან დისტანციური სწავლების მაქსიმალურ ხელშეწყობას გულისხმობს.
გარდა ამისა, ბენეფიციარებს დისტანციურად ემსახურება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი. მოქმედებს ცენტრის 24-საათიანი ცხელი ხაზი და Skype-ის ანგარიში. ფსიქოლოგის მომსახურების მიღება შეუძლიათ მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებს და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.