18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს მუზეუმებში მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
2020 წლის მუზეუმების საერთაშორისო დღის თემაა - „მუზეუმები თანასწორობისთვის: მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა“. მუზეუმების, როგორც აქტიური საგანმანათლებლო-კულტურული ინსტიტუციების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ ამ პრინციპების დაცვა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის სამუზეუმო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.
წელს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. 18 მაისისთვის დაგეგმილი აქტივობები დისტანციურად, ციფრულ ფორმატში ჩატარდება. მუზეუმები საზოგადოებას შესთავაზებენ ონლაინ გამოფენებს, ვირტუალურ ტურებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, კურატორების ბლოგებს, ექსპონატების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ვიდეოებს და სხვა.
მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 - ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.
მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ ტარდება. დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ესტუმროს სასურველ მუზეუმს და თავად გახდეს იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილე, რომლებიც აქციის ფარგლებში იმართება. წელს, მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციით, აქციის „ღამე მუზეუმში“ ჩატარების თარიღად 2020 წლის 14-16 ნოემბერი განისაზღვრა.
მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების კალენდარი