საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალ სასწავლო პროექტს იწყებს, რომელიც სამთო-მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენას გულისხმობს. აღნიშნული პროექტი, რომელიც უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს, მათ შორის, მაღაროებსა და შახტებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება.
მიხეილ ჩხენკელი: „ჩვენი ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მეტად დაუკავშიროს განათლება და მეცნიერება ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობას, ქვეყნის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, სამინისტროს ახალი პროექტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სამთო მაშველის გადამზადების პროგრამის აღდგენა, მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მისი უმთავრესი დანიშნულება მაღაროებსა და შახტებში მომუშავე ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვის გაძლიერებაა.
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო შახტი-ლაბორატორია, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორთა და სპეციალისტთა პროფესიონალიზმი ჩვენი ახალგაზრდებისათვის სწავლის სრულფასოვან პირობებს ქმნის. მჯერა, რომ მრავალი მათგანი ენთუზიაზმით შეუდგება ამ საჭირო საზოგადოებრივი პროფესიის დაუფლებას, რაც საბოლოოდ მრავალი ადამიანის შრომის პირობებისა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებას განაპირობებს“.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია თეორიული და პრაქტიკული სწავლების უწყვეტი პროცესის ხელსაყრელ პირობას იძლევა, რითაც ძირფესვიანად იცვლება სამთო საინჟინრო კადრების მომზადების პრაქტიკა. მიწისქვეშა სამთო სამუშაოთა პროცესების მთელი კომპლექსის გათვალისწინებით, დაპროექტდა სასწავლო შახტი-ლაბორატორია, რომლის მშენებლობა და სათანადო მანქანებით, მექანიზმებით, სატრანსპორტო საშუალებებითა და დანადგარებით აღჭურვა 1986-1991 წლებში განხორციელდა. შახტი-ლაბორატორია წარმოადგენს ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბებისა და კამერების ერთობლიობას, რომელიც აღჭურვილია სამთო შახტური მოწყობილობებით, მექანიზმებით და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზირებული საშუალებებით, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით. გვირაბების საერთო სიგრძე 1000 მეტრის ფარგლებშია. მათი განლაგების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16 და 30 მეტრია. აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობისათვის, რაც პროფესიული მომზადების ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების მართვის ჩვევების გამომუშავების საფუძველია.
სახელმწიფოს ინიციატივას, აღდგეს სამთო მაშველის სასწავლო პროგრამა, მომზადდეს და გადამზადდეს კადრები, დადებითად აფასებს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე: „ტექნიკური უნივერსიტეტი ყოველთვის იყო ჩართული ქვეყნის განვითარების საქმეში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივა, აღდგეს სამთო მაშველის გადამზადების პროგრამა, არის დროული და აუცილებელი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამინისტროს მხარდაჭერა ამ პროექტის განსახორციელებლად, ასევე, მნიშვნელოვანია ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გამოხატული ნდობა“.
პროექტის ეფექტურად ასამოქმედებლად და სათანადო ბაზის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის სასწავლო შახტი-ლაბორატორია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო, გავცნობოდით სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ლაბორატორიას, განგვესაზღვრა, არის თუ არა შესაძლებელი ბაზის გამოყენება იმ უსაფრთხოების ნორმების შესასწავლად, რაც სამთო მოპოვების დროს უნდა იქნას დაცული. რეალურად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩართულია ქვეყანაში სამთო-სამაშველო ოპერაციების დროს. ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მათი პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით განხორციელდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველების გადამზადება. ჩვენი სამსახურისთვის აღნიშნული ბაზა უნიკალურია, თუმცა კონკრეტული დეტალები განახლებას საჭიროებს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა როინ ვარშანიძემ.