საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე და კომპანია „გლობალ სელის“ დირექტორი გიორგი მადუაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებს წითელუბანსა და ხურვალეთს ეწვივნენ და ადგილობრივი სკოლების ყველა მოსწავლეს საჩუქრად „ჰუავეის" პლანშეტები გადასცეს.
კომპანია „გლობალ სელმა“ სამინისტროს, მემორანდუმის საფუძველზე, სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 150 ერთეული პლანშეტი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ონლაინ მეთოდების დანერგვა ერთ-ერთ ეფექტიან გზად იქცა სწავლა-სწავლების უწყვეტად მიწოდების პროცესში. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის ონლაინ-სწავლებაზე ხელმისაწვდომობა.
არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო დისტანციური სწავლის მეთოდზეა გადასული, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ქართველ მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე ჰქონდეთ.
ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესს შორის თანამშრომლობა და სოლიდარული ურთიერთობა. სამაგალითოა ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც კომპანია „გლობალ სელმა“ გამოიჩინა საზოგადოების მიმართ და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების მოსწავლეებს პლანშეტები საჩუქრად გადასცა.