ბიზნეს სექტორთან შეხვედრების კამპანია „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გრძელდება. განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მორიგი ონლაინ სამუშაო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაიასთან, პალატის წევრი და სხვა დაინტერედებული კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა.
კორონავირუსის პანდემიამ შრომის ბაზარზე ისეთი ახალი უნარების ფლობის აუცილებლობა წარმოშვა, რაც ბიზნესს მომავალში შეუფერხებლად ოპერირების შესაძლებლობას მისცემს. ბიზნეს სექტორთან შეხვედრების თემა სწორედ ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის ახალი საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვაა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას განათლების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებს. სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები ჩართულნი არიან მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში. ასევე პალატა თავის მხრივ, ხელს უწყობს დუალური განათლების დანერგვას და პოპულარიზაციას.
დიალოგი კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაგრძელდება.