14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი პროფესიულ კოლეჯ „სპექტრს“ ეწვია, შეხვდა კოლეჯის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტს და პირადად გაეცნო სსსმ სტუდენტებისთვის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებსა და ინსტრუმენტებს.
თამარ ქიტიაშვილმა სპექტრში სტუმრობისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რასაც პროფესიული კოლეჯები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პროფესიულ განათლებაში მიზიდვისა და ჩართვის მიზნით ახორციელებენ.
დღეს საქართველოში პროფესიული განათლება თანაბრად ხელმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის.
საქართველოს პარლამენტმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ 2000 წელს გამოაცხადა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.