უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლისთვის გრაფიკის მიხედვით გაიხსნება; პროცესი დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით წარიმართება.
ახლადგახსნილ თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ესტუმრა და მუზეუმების ხელმძღვანელებთან ერთად, მუზეუმების მიერ წარმოდგენილ აქტივობებს გაეცნო. ლევან ხარატიშვილის თქმით „საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც პანდემიის პერიოდში მუზეუმების ეტაპობრივი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო; პირველ ეტაპზე სამინისტროს სისტემაში შემავალი დაახლოებით ათამდე მუზეუმი გაიხსნა და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მუზეუმში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე ვიზიტორებისთვის შექმნილი იყოს უსაფრთხოების ყველა პირობა და დაცული იყოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები“.
საქართველოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებელს შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და უსაფრთხოების წესების დაცვით მიიღებს. პირველ ეტაპზე გაიხსნა ის მუზეუმები, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს აკმაყოფილებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა „ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები სამუზეუმო, შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული ღონისძიებებისთვის“.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების გახსნის გრაფიკი იხილეთ ბმულზე ➡ http://mes.gov.ge/s/W3IIs