საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც სტუმრებმა უნივერსიტეტების ინოვაციური ცენტრებისა და იქ მიმდინარე პროექტებისა და აქტივობების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის პროექტების მართვის მენეჯერი და პროფესორი თამარ ლომინაძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის, ხოლო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაიოზ ფარცხალაძე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანი და გოჩა ჩავლეშვილი, ტექნოლოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს მათ უნივერსიტეტებში გამართული სამეწარმეო/ინოვაციური პროექტების სტუდენტური კონკურსის შედეგები. აღნიშნულ უნივერსიტეტებში ინოვაციური ცენტრები შეიქმნა Erasmus+ პროექტის „ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების გაძლიერება საინჟინრო განათლებაში (INNOCENS)“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებს შორის ინოვაციური და სამეწარმეო უნარების განვითარებას ახალი სტარტაპებისა და სამუშაო ადგილების გაჩენის მიზნით. პროექტის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტებში საინჟინრო სპეციალობის სტუდენტებისთვის განვითარდა ინოვაციებისა და მეწარმეობის კურსები, დაინერგა ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდები და გაიხსნა ინოვაციური ცენტრები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინოვაციური იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოში მეცნიერების გამოყენებითი მიმართულებით განვითარების ხელშეწყობაზე, ბიზნესისა და მეცნიერების დასაახლოვებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ტექნოლოგიური ტრანსფერის შესაძლებლობებსა და მეცნიერების მენეჯმენტის სრულყოფის საკითხებზე.