საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების მმართველი კომიტეტის პლენარულ სესიაზე.
კორონავირუსის პანდემიის გამო, შეხვედრა წელს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა და მისი განხილვის მთავარი
თემა იყო ევროპის საბჭოს ფარგლებში, კულტურის სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავალო თანამშრომლობის გეგმები. კომიტეტის წევრებმა ციფრულ ეპოქაში ხელოვნების, კულტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მანიფესტი განიხილეს. ასევე ახალი ციფრული გამოფენის მოწყობის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის 70 წლის საიუბილეო თარიღის ფარგლებში მოეწყობა.
კომიტეტის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების განხილვასთან ერთად, კომიტეტის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია ქვეყნებში, კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ.
მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტების მმართველი კომიტეტის მე-6 შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს კულტურის, მემკვიდრეობისა და ლანდშაფტის მმართველი კომიტეტის ბიუროს წევრად და თავმჯდომარის მოადგილედ 2017 წელს აირჩიეს.