საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ განხორციელებული სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნო.
მინისტრმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, მომავალი ცვლილებები განათლების კანონში, ინგლისური ენისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებული სწავლება, სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ახალი ელექტრონული პორტალის შემოტანა სასწავლო პროცესში და ა.შ.
აღნიშნული სიახლეების დანერგვა განხორციელდება სამინისტროს არსებული ბიუჯეტის ფარგლებში გაკეთებული 25 მილიონიანი ეკონომიის ხარჯზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ჟურნალისტებმა ყველა კითხვაზე პასუხი პირადად განათლებისა და მეცნიერების მინისტრისგან მოისმინეს.
ღონისძიების ფარგლებში სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს 2010 წლის ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. განსაკუთრებული დაინტერესება მასწავლებელთა სერთიფიცირებამ გამოიწვია. სწორედ ეს ცენტრი უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს სასერტიფიკატო გამოცდების ჩატარებას.
საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებთან ორგანიზებული იყო გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით და მიზნად ისახავდა განათლების რეფორმის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდას ამ რეფორმის საჯაროდ განხილვის გზით.