2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება. დღეს აბიტურიენტები მთელი საქართველოს მასშტაბით კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას აბარებენ.
რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცესს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე გაეცნენ.
რეგისტრაცია ზუსტად 08:00 საათზე, ხოლო გამოცდა 09:00 საათზე დაიწყო. აბიტურიენტებმა რეგისტრაციის პროცესი დისტანციის დაცვით გაიარეს. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევა არ ყოფილა, გამოსაცდელებს ცენტრში შესვლამდე თერმოსქრინინგი ჩაუტარდათ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე ადგილზე ექიმებს გაესაუბრა, რომელთაც დაადასტურეს, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შედეგად გამოცდიდან აპლიკანტის მოხსნის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ნუნუ მიცკევიჩი: „დღეს გახლავთ ეროვნული გამოცდების მეორე დღე, ვიმყოფებით ქალაქ რუსთავის 22-ე სკოლაში, სადაც საგამოცდო პროცესი მოწესრიგებულად მიმდინარეობს. აბიტურიენტები გაგებით ეკიდებიან ყველა იმ რეკომენდაციას, რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართავ მათ გულშემატკივრებს, გარე პერიმეტრზე დაიცვან დისტანცია და ხელი შეუწყონ საგამოცდო პროცესის წარმატებით მიმდინარეობას“.