საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და UNICEF -ის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო ონლაინფორუმი „განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“.
შეხვედრა გახსნეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ესტონეთის განათლებისა და კვლევის მინისტრმა მაილის რეპსმა. ფორუმის ფარგლებში მოხსენებით ასევე წარდგა მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე.
ფორუმზე განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა: კორონავირუსის პანდემიის გავლენა განათლების სისტემაზე, ინოვაციის მნიშვნელობა განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კუთხით და სხვა.
ფორუმის მონაწილეებმა, ესტონეთის, საქართველოსა და UNICEF-ის წარმომადგენლებმა, ამ მიმართულებით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
მიხეილ ჩხენკელი: „მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, ხაზი გავუსვა ესტონეთსა და საქართველოს შორის მეგობრულ კავშირსა და მჭიდრო პარტნიორობას ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ესტონეთმა არაერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მსურს, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ამისთვის მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ჩვენს ქვეყნებს შორის საიმედო მეგობრულ კავშირს.
ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო UNICEF-ს საქართველოს განათლების სფეროს მხარდაჭერისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა, ესტონეთმა და საქართველომ წლების განმავლობაში დაამყარეს ძლიერი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ძალიან ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას ქართული განათლების სისტემის რეფორმირებისა და გაუმჯობესების საქმეში“.
მიმართვის დროს მიხეილ ჩხენკელმა პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დანერგვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწავლა-სწავლების შეუფერხებლად წარმართვის მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები დადებითად შეაფასეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორებიცაა UNICEF, OECD, Microsoft და სხვა. მინისტრის თქმით, პანდემიამ სამინისტროს საშუალება მისცა, გამოწვევები შესაძლებლობად ექცია და ციფრული ტექნოლოგიები უფრო აქტიურად დაენერგა სასწავლო პროცესში.
მიხეილ ჩხენკელმა საქართველოსა და ესტონეთის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და განსაკუთრებით გამოყო სამინისტროსა და ესტონეთის საელჩოს მიმდინარე ერთობლივი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საშუალო საფეხურის, მე-11-მე-12 კლასების, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიას საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ კი ფორუმის მონაწილეებს პანდემიის პერიოდში საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო. მან დისტანციური სწავლების ხელშესაწყობად გატარებულ ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უმოკლეს დროში მოახერხა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ორგანიზება და ყველა საჭირო რესურსის მობილიზება. სხვადასხვა მექანიზმებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრის გამოყენებით სამინისტროს გუნდმა შეძლო, შეემცირებინა პანდემიის უარყოფითი გავლენა განათლების სისტემაზე და უზრუნველეყო სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობა.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ დისტანციური სწავლების ელექტრონული და სატელევიზიო ფორმატები განიხილა, როგორც საუკეთესო ალტერნატივა სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აღნიშნული მიმართულებების გაძლიერება დაიწყო. საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი „ტელესკოლა“, რომელმაც ყველა კლასის მოსწავლეებს სატელევიზიო გაკვეთილები შესთავაზა სხვადასხვა საგანში. აღნიშნული პროექტით განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა გადაიჭრა.
ეკატერინე დგებუაძემ დეტალურად ისაუბრა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სხვა პროექტებზეც, კერძოდ, გამოყო პროექტი „ვებსკოლა“, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის შეიქმნა და მათ ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მომზადებაში დაეხმარა; ასევე, პროექტი „i-სკოლა“, რომელიც წარმოადგენს დავალებების ონლაინ ბანკს 8 სხვადასხვა საგანში; დისტანციური სწავლების მთავარი ინსტრუმენტი – Microsoft TEAMS, სადაც შეიქმნა ვირტუალური კლასები ყველა სკოლის ყველა კლასისა და საგნისათვის; elibrary.emis.ge – ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოები განთავსდა; ქართული ალტერნატიული პლატფორმა – Feedc Edu, რომლის მეშვეობით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს დავალებების გაზიარების, ფაილების ატვირთვა / გადმოწერისა და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარების შესაძლებლობა აქვთ; Silkschool – ღია და უფასო ვიდეოგაკვეთილები მოსწავლეებისათვის; ხანის აკადემია – უფასო ონლაინ კურსები და გაკვეთილები მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის 40 ენაზე, მათ შორის ქართულად.
„განათლება და ინოვაცია - ხარისხიანი განათლების მიწოდების უზრუნველყოფა ყველასთვის“ გაიმართა საქართველოსა და ესტონეთის მიერ გაეროს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელების თაობაზე ნებაყოფლობითი ეროვნული ანგარიშების წარდგენის ფორმატის ფარგლებში.