საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯის „ფაზისი“ ხობის ფილიალს ესტუმრა, სასწავლო პროცესს გაეცნო და სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. კოლეჯში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცულია და სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
კოლეჯის „ფაზისი“ ხობის ფილიალი 2018 წელს გაიხსნა და ამჟამად ელექტროობის, თმის მომსახურებისა და მეთევზეობის მიმართულებით 3 სადიპლომო პროგრამას ახორციელებს. მიმდინარე წელს კოლეჯი კიდევ ორ სადიპლომო პროგრამაზე დაასრულებს ავტორიზაციის პროცესს. "ფაზისის" ხობის ფილიალში ასევე ხორციელდება მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები, რომელიც მუნიციპალიტეტის საჭიროებების მოკლე დროში დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა.