საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადება:
„მოხარული ვარ მოგახსენოთ, რომ წარმატებით დასრულდა ერთიანი ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. ეს გამოცდები ორგანიზებული იყო უმაღლეს დონეზე, სამედიცინო პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით. ჩვენმა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გამოცდები ჩატარებულიყო სრულყოფილ აკადემიურ და უსაფრთხო გარემოში.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ გამოცდების დროს მაქსიმალურად იყო დაცული ყველა აბიტურიენტის ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული გამოცდების დროს მოხდა უპრეცენდენტო რამ: ჩვენ ჩავატარეთ გამოცდა ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც იმყოფებოდა კოვიდ-19-ით ინფიცირებული აბიტურიენტი და ეს გამოცდაც წარმატებით დასრულდა. ზოგადად პროცესმა წარმატებით ჩაიარა.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა უწყებას, რომელიც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზებაში. როგორც იცით, შედეგების გამოქვეყნება უკვე დაიწყო და მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო.
ასევე მინდა გავაკეთო მნიშვნელოვანი განცხადება: დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სასწავლო პროცესი სკოლებში, საკლასო ოთახებში დაიწყება15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში. ასევე უნივერსიტეტებში სასწავლო წელი აუდიტორიებში დაიწყება.“