საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს ხელმძღვანელ დავით ფარცვანიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს გურიაში ვესტუმრე სოფელ ბახვის საჯარო სკოლას, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენი სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. ეს გახლავთ ისტორიული სკოლა, რომელსაც არაერთი მამულიშვილი ჰყავს აღზრდილი. ძალიან მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან განახლებულ შენობაში, სადაც ყველა პირობა იქნება შექმნილი მათი სწავლისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – სკოლების რეაბილიტაცია, ახალი სკოლების მშენებლობა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე და მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია“.
სსიპ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც ითვალისწინებს სკოლის შენობის სრულ განახლებას – შენობის გადახურვას, ეზოს შემოღობვას, გათბობის სისტემის დამონტაჟებას, საკლასო ოთახების, სპორტული დარბაზის, დერეფნების შეკეთებასა და სველი წერტილების მოწყობას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების განახლების პროცესი ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება.
სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება და პროექტის ჯამური ღირებულება 1 125 818 ლარს შეადგენს.
სოფ. ბახვის სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღემდე მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.