საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირის - ”სკოლბურთი” ფინალისტებს შეხვდნენ და ორი გამორჩეული ბომბარდირი - ზუგდიდის №4 საჯარო სკოლის გუნდიდან დიმიტრი თუთბერიძე და გიორგი ქობულაძე ბოლნისის პირველი საჯარო სკოლის გუნდიდან პორტატული კომპიუტერებითა და წიგნებით დააჯილდოვა. სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ორივე გუნდის დანარჩენმა წევრებმაც.
მოსწავლეთა საფეხბურთო ტურნირი - ”სკოლბურთი” საქართველოს მასშტაბით უკვე მეოთხე წელია ტარდება. წელს ”სკოლბურთი” 7 მაისს დაიწყო და 26 ივნისს ტრადიციულად ბათუმში დასრულდა. ტურნირში საქართველოს მასშტაბით 73 რაიონის 1300 სკოლა და 13 000-მდე მოსწავლე იყო ჩართული. შესარჩევი ტურნირები 3 ეტაპად გაიმართა. მესამე დასკვნით ეტაპზე 16 გუნდმა (თბილისის 5 და რეგიონების თითო) მიიღო მონაწილეობა. ფინალში ერთმანეთს ზუგდიდის №4 და ბოლნისის პირველი საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. გამარჯვება ზუგდიდელებმა უკვე მეორედ მოიპოვეს ანგარიშით 3-0. გამარჯვებული გუნდი თურქეთში საერთაშორისო საფეხბურთო ფესტივალზე გაემგზავრება.
“სკოლბურთის” მიზანი ფეხბურთის პოპულარიზაცია და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაა. მისი ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს სპორტის სამინისტრო და ”საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია”.
2009 წელს საქართველოს ჩემპიონმა წალენჯიხის რ-ნის სოფელ ლიას საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო ტურნეზე I ადგილი დაიკავა, 2008 წელსIII ადგილი დაიკავა, აბროლაურის №1 საჯარო სკოლის გუნდმა თურქეთის საერთაშორისო ტურნეზე 2007 წელს ესპანეთში, ზუგდიდის №1 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა ”კოსტა ბრავას თასის” სახელობის ევროტურნირზე II ადგილი მოიპოვა, ფეხბურთელი ცოტნე სამუშია კი ტურნირის ბომბარდირად აღიარეს.