საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ახალი 2020-2021 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა თბილისის სკოლების დირექტორებთან გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას სკოლების წარმომადგენლებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების მიხედვით შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიებების განხილვა წარმოადგენდა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტების გაუმჯობესებაზე. მისი თქმით, დირექტორებს შესაძლებლობა აქვთ სასწავლო პროცესი სკოლების საჭიროებიდან გამომდინარე დაგეგმონ იმგვარად, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ, როგორც მოსწავლეთა და პედაგოგთა უსაფრთხოების დაცვა, ასევე, შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა.
თავის მხრივ დირექტორებმა მინისტრის მოადგილეს რეგულაციებთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს და თავიანთი სკოლების საჭიროების შესახებ ისაუბრეს. მინისტრის მოადგილეს თქმით, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზების, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვის მიმართულებით, ყველა სკოლას სამინისტროს მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნება.