საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ თსუ-ს მაღლივი კორპუსის გარემონტებული მე-10 (მაღლივი) და მე-11 (ბიოლოგების) კორპუსები დაათვალიერეს.
ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განხორციელდა. თსუ-ს მეათე კორპუსში გარემონტდა დაახლოებით 7 500 კვ.მ. ფართი. მათ შორის: 60 ოთახი, 37 აუდიტორია, 12 კომპიუტერული კლასი და 1 რესურსცენტრი. ასევე, ძირითადი აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციისთვის 38 სამუშაო ოთახი, რომელიც აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
მოწესრიგდა თსუ-ს ბიბლიოთეკის გათბობის სისტემა. სოციალურ და პოლიტიკური ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სწავლებისთვის შეძენილი იქნა შესაბამისი ინვენტარი. მე-10 კორპუსში (მაღლივი) სარემონტო სამუშაოები ჩატარდა მე-2, მე-5 და მე-7 სართულებზე, დაახლოებით 2 100 კვ.მ. ფართობი გარემონტდა, უნივერსიტეტის რესურსებით გაკეთდა და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა სპორტული დარბაზი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ,,საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებშიც მიმდინარეობს.