ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხატავეთში, მაშავერას გორაზე ნეოლითური პერიოდის – 8 ათასი წლის წინანდელი, აქამდე უცნობი არქიტექტურა გამოავლინა.
ძვ.წ. VI ათასწლეულის ძეგლზე პირველად დადასტურდა შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი წრიული სახლების სრულიად ახალი სამშენებლო ტრადიცია. ძეგლზე ფიქსირდება ორ და სამ მწკრივა წყობით, ალიზის აგურით ნაგები წრიული სახლები, მცირე ზომის სათავსოები და ნაგებობებს შორის არსებული კედლები.
არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლინდა ნეოლითური პერიოდისათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი მასალა: თიხის ჭურჭლის ნატეხები, ძვლის, ირმის რქის, ობსიდიანის, მასიური ქვის იარაღები და სარდიონისგან დამზადებული მძივები.
აღმოჩენილი არტეფაქტები ამავე რეგიონში, ბოლნისის მუზეუმის კოლექციებს შეემატება. მუზეუმი, რომელიც ახლახანს გაიხსნა რეგიონის სამეცნიერო-კვლევით ცენტს წარმოადგენს, სწორედ მუზეუმის ლაბორატორიაში გაგრძელდება აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლა.
მაშავერას გორას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ადგილმდებარეობა. ბორცვი მდებარეობს მდინარე მაშავერას და ხრამის ხერთვისთან, რომელიც მას ჩრდილოეთით ესაზღვრება, დანარჩენი სამი მხრიდან მოქცეულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რკალში, რაც იდეალურ პირობებს ქმნიდა 8 ათასი წლის წინ ნეოლითური სოფლის განვითარებისათვის. აღსანიშნავია, ისიც რომ ძეგლი 15 კმ-ის დაშორებით მდებარეობს არუხლოსა და იმირის ძეგლებიდან სადაც მსოფლიოში უძველესი ღვინის კვალია აღმოჩენილი.
ექსპედიციის მიერ შესწავლილ ფართობზე ჯერჯერობით არ ფიქსირდება არცერთი ცალპირა წყობით ნაგები შენობა ან ცალკეული კედელი, რაც მეცნიერებს საშუალებას აძლევს ივარაუდონ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ძეგლს შულავერ-შომუთეფეს კულტურის სხვა ძეგლებისაგან.
მაშავერას გორაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 1988 წელს ჩატარდა. ექსპედიციის მიერ (დ. გოგელიას ხელმძღვანელობით) გამოვლინდა რამდენიმე წრიული ნაგებობა და მცირე რაოდენობით არქეოლოგიური მასალა. არქეოლოგიური სამუშაოები ეროვნული მუზეუმის გუნდმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2020 წელს განაახლა. ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ჯონი აბულაძე.