პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტის ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ხოჯორნში, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა. კორონავირუსის პანდემიის გამო, ღონისძიებები რეკომენდაციების გათვალისწინებით, ღია სივრცეში ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში მწერლებმა და მეცნიერებმა - თამარ ბელაშვილმა, გიორგი კეკელიძემ და დავით რობაქიძემ შეხვედრა გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან, პედაგოგებთან, სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან. სტუმრებმა ისაუბრეს კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობაზე და ინტერაქციის რეჟიმში მსმენელთან დიალოგი გამართეს. ღონისძიების ფარლგებში, ასევე მოეწყო გამოფენები ადგილობრივი ხელოვანების მონაწილეობით.
პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, სოფელ ხოჯორნის სკოლას სპორტული ეკიპირება/ინვენტარი, ხოლო სკოლის ბიბლიოთეკას სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები გადაეცა.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა - „პროფორიენტირი“ და ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო.
ღონისძიებები კონცერტით დასრულდა და მასში მონაწილეობა მარნეულის კულტურის ცენტრთან არსებულმა მუსიკალურმა ბენდმა „Sunshine“ მიიღო.
ღონისძიებების ქ. მარნეულის კულტურის ცენტრის, ქ. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის და ქ. მარნეულის რესურსცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, 2020 წლის 31 აგვისტოდან ხორციელდება სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი „მრავალფეროვანი საქართველო“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ახალგაზრდების ინფორმირებულობა.