ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მთავრობის კანცელარიაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით სკოლებში უწყვეტად მიმდინარე სამუშაოებზე ისაუბრა, რომელშიც სკოლების ადმინისტრაციების გარდა რესურსცენტრები და მთლიანად სამინისტროა ჩართული.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტრომ უკვე გააკეთა განცხადება, რომ შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაციები, რომლის შესრულებაზე მუშაობა საჯარო და კერძო სკოლებს დაწყებული აქვთ.
„სწორედ არსებული რეკომენდაციების ფარგლებში, ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე, განსაზღვრულია სკოლების ყველა სავალდებულო საჭიროებებით აღჭურვა, რომლის შესყიდვა სახელმწიფომ თავად უზრუნველყო და ამჟამად სკოლების ამ საჭირო ნივთებით აღჭურვა მიმდინარეობს. 10 სექტემბრისთვის ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება პირბადეებით, დეზობარიერებით, შესაბამისი სითხეებით და ასევე თერმოსკრინინგის აპარატებით.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 15 სექტემბრამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში არსებული შრომის
ინსპექტირების სამსახური შეამოწმებს როგორც ყველა საჯარო, ასევე კერძო სკოლას და მხოლოდ მათი რეკომენდაციების დასკვნის შემდეგ მოხდება კონკრეტულ სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება. მანამდე, სასწავლო წელი არ დაიწყება“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ სავალდებულო რეკომენდაციების განხორციელების პროცესში უწყების ყველა შესაბამისი რგოლია ჩართული.
ეკატერინე დგებუაძის თქმითვე, რეგულაციების შესრულებაზე მოხდება არა მხოლოდ სკოლების ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და მოსწავლეების, არამედ მშობლებისა და საზოგადოების ინფორმირება. შეიქმნება ვიდეორგოლები, რაც სასწავლო პროცესში მონაწილე ყველა პირს დაეხმარება დაიცვან დადგენილი რეკომენდაციები.
„იმის გამო, რომ ყველა სკოლას საკუთარი ინდივიდუალური საჭიროება და განსხვავებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა აქვს, მათ შორის მოსწავლეების რაოდენობიდან გამომდინარე, სკოლებს მიეცათ სრული თავისუფლება, რომ სასწავლო პროცესი საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე დააორგანიზონ.
ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ. ასევე ეძლევათ არჩევანი, რომ კლასების ჩათვლით, გაკვეთილების ცხრილის ისე ორგანიზება, რომ ყველა მოსწავლემ იაროს სკოლაში. იმ შემთხვევაში, თუ სკოლას აქვს გარკვეული ინფრასტრუქტურული გამოწვევები, ეძლევათ შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესის დროს გაკვეთილების ხანგრძლივობის მოქნილობის გრაფიკი შეიმუშაონ. ასევე ეძლევათ არჩევანი, რომ ორგანიზებისთვის გამოიყენოს შაბათი დღე.
სკოლას ექნება უფლება თავად განსაზღვროს დღის დაწყება. მას შეუძლია სწავლა დაიწყოს 9 საათზე და მოსწავლეების მიღება ყოველი 15 წუთის შემდეგ კლასებისა და საფეხურების მიხედვით განსაზღვროს“ - განმარტა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ სამინისტრო ემზადება არაერთი სხვა მიმართულებითაც. კერძოდ, ყველა მოსწავლეს I-დან XII კლასის ჩათვლით საკლასო ოთახში დახვდება სახელმძღვანელოები, ხოლო პირველკლასელებს კომპიუტერები.