საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის გადაწყვეტილებით, კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის საერთო საცხოვრებელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად იქნება რეაბილიტირებული, რის შედეგადაც 300-მდე სტუდენტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოში შეძლებს ცხოვრებას. ამჟამად აქ სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტროქტურის განვითარების სააგენტო 450 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაობს აწარმოებს.
გარდა საერთო საცხოვრებელისა ხუთსართულიან კეთილმოწყობილ შენობაში ასოცადგილიანი სასტუმრო მოეწყობა, სასტუმროს ფასები ხელმისაწვდომი იქნება და მთელ კახეთის რეგიონს მოემსახურება, შემოსული თანხა პროფესიული სწავლების ცენტრს მოხმარდება.
სასწავლებლის 25 სტუდენტია დასაქმებული მიმდინარე სარეაბილიტაცვიო სამუშაოებზე, აქ მომავალი ელექტრიკოსები, მშენებლები, დურგლები ანაზღაურებად პრაქტიკულ სამუშაოებს გადიან.
სექქტემრიდან სასტუმროში გაივლიან პრაქტიკას ცენტრის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებიც - მომავალი სასტუმროს მენეჯერები, ადმინისტრატორები, ბარმენები, მზარეულები, მიმტანები.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრი 2007 წელს გაიხსნა და იგი კახეთის რეგიონში ერთადერთი რეაბილიტირებული, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. ცენტრში, გარდა სახელობო პროფესიული სწავლების პროგრამისა, ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული ზრდასრულთა გადამზადების პროგრამა და კახეთის ხუთი რაიონისათვის ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობა.
კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრში ხორციელდება შემდეგი პროგრამები: აგროტურიზმის ოსტატი; მეღვინე-მევენახე; ფართო პროფილის მშენებელი; დურგალ-მეავეჯე; პერსონალური კომპიუტერის მომხმარებელ-ოპერატორი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკოს-ოპერატორი; ავტომობილის ზეინკალ-შემკეთებელი; ვეტერინალური; სტილისტი; ძიძა; სამკურნალო მცენარეების მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ოსტატი; ელექტრომემონტაჟე; მძღოლი; ფერმერი; საყოფაცხოვრებო ელექტროხელსაწყოების შემკეთებელი.
ცენტრში 2010 წელს გადამზადება გაიარა 700-მდე სტუდენტმა. კურსდამთავრებულთა 80% დასაქმებულია.