საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს, კოლომ დე მერსის უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპორტული ფედერაციების მიერ დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც მოქმედებს ორგანიზაციის არაწევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომელთაც სურთ სხვადასხვა სპორტულ ლიგაში ასპარეზობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სამინისტროს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი, ახალგაზრდობის, კულტურისა და ციფრული საზოგადოების პროგრამის მენეჯერი ნინო სამველიძე და სპორტის სამართლის სპეციალისტი გიორგი გაბუნია.
მხარეებმა დეტალურად მიმოიხილეს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები და ის გამონაკლისები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმების პროცესში სპორტსმენებისთვის ბარიერების მოხსნას. შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მხარეებს შორის კრძალავს დისკრიმინაციას ეროვნების საფუძველზე, რაც გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების დისკრიმინაცია ეროვნების ნიშნით.
შალვა გოგოლაძემ სტუმრებთან ასევე განიხილა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება კოლპაკის ქეისისა და კოტონოს შეთანხმებასთან მიმართებაში, რომლებიც გამონაკლისის სახით მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნების სპორტული ფედერაციებისათვის.
საკითხის ადვოკატირებისა და მასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და სამომავლო აქტივობებიც დაგეგმეს.