ერთიან პროფესიულ ტესტირებამდე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შიდა შერჩევის პროცესები დასასრულს უახლოვდება. პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის წესში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვა ორი ფორმით ხორციელდება.
იმ პროფესიულ პროგრამებზე, სადაც დარეგისტრირებული აპლიკანტების რაოდენობა არ აჭარბებს ადგილების რაოდენობას, აპლიკანტები აღარ გადიან შეფასებისა და გამოცდილების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებას და მხოლოდ კოლეჯში/უნივერსიტეტში ორგანიზებულ შიდა შერჩევაში მონაწილეობენ.
პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, შიდა შერჩევის მეთოდი განსხვავებულია. უმეტეს შემთხევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები შიდა შერჩევისას იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: გასაუბრება, პროფესიის მოსინჯვა, პორტფოლიო და სხვა.
იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები წელს პირველად ატარებენ შიდა შერჩევას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი უშუალოდ გაეცნო პროცესის მიმდინარეობას ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, შეხვდა აპლიკანტებს და მოისმინა შიდა შერჩევასთან დაკავშირებით მათი გამოცდილების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ იმ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის, სადაც დარეგისტრირებულთა რაოდენობა აჭარბებს გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, 5 და 6 სექტემბერს ჩატარდება პროფესიული ტესტირება. მანამდე კი 4 სექტემბერს აპლიკანტებს საშუალება ექნებათ, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ ფორმატში მიიღონ მონაწილეობა საცდელ ტესტირებაში, რომლის ბმულიც განთავსდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge.